საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„ამ შაბათ-კვირას კიევში ჩვენ გავხდით ევროპული ერთიანობისა და ძალის დემონსტრაციის თვითმხილველი, 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთიანი მოწოდებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას“, – განაცხადა მინისტრმა ლონდონში რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან ელის და პირადად დაელოდება 15 მაისს კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს თურქეთში.