ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრებმა დღეს ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დამატებით 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადეს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი Telegram-ზე წერს.
„დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ“, - აღნიშნა შმიჰალმა.
უკრაინის მთავრობის მეთაური ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა ევროპული მშვიდობის ფონდის მეშვეობით რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.
„ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. „დანიური მოდელის“ მიხედვით - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან“, - აღნიშნა შმიჰალმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არა მხოლოდ ძლიერდება უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, არამედ სტიმულირება ხდება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ეკონომიკისა და ინოვაციების მიმართულებით.
„კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. 200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე“, - დასძინა შმიჰალმა.
მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს და იტალიას, რომლებიც 1 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინული იარაღის შეძენას განახორციელებენ“, - აღნიშნა შმიჰალმა.
ევროპის დღის აღსანიშნავად, დღეს ლვოვში 35 ქვეყნისა და ევროპის საბჭოს დელეგაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ დაევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გამართეს.