ევროკავშირი არის ჩვენი მომავალი, იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის მარტო, პირისპირ დარჩენილი რუსეთთან, ეს გავლილი გვაქვს და ამის გავლა არავის უნდა.
„გილოცავთ და ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაძლიერებული, განვითარებული საქართველო. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის სწორედ იმ ჩვენ მეგობრებთან ერთად და იმ მოცემულობაში, რაც არის ევროკავშირი. იქ არის ჩვენი მომავალი. იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც იბრძოდა საქართველო საუკუნეების მანძილზე. საქართველო არის მარტო, პირისპირ დარჩენილი რუსეთთან. ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს, გავლილი გვაქვს და ამის გავლა არავის უნდა ამ ქვეყანაში. მე აქ მოვედი ჩემით, როგორც მოვიდა ყველა. ეს არის ყველას ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.