ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
კობახიძის თქმით, გამთლიანებაში ასევე იგულისხმება საქართველოს ფიზიკური გაერთიანება. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში
“ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის - მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ.
მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე. ქალბატონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიკეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს პრინციპულობისთვის და ერთსულოვნებისთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.