დღეს, 27 იანვარს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სიღნაღში, ბოდბის მონასტერში ელოდებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნინოობასთან დაკავშირებით მონასტერში წირვას პატრიარქი აღავლენს.
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. მონასტერში მოღვაწე დედა თამარის თქმით, ნინოობისთვის მონასტერში ბევრ სტუმარს ელოდებიან.
"წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა მისთვის წინასწარვე გამოარჩია. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათ დღეს გლოვობდა "სიობლესა თვისსა". საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, "ფრიად დიდი" და "ყოვლითა სამკაულითა" შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: "შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი", მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს". ბოდბეში წმინდანის სახელობის მცირე ზომის ეკვდერია, წმინდა ნინოს საფლავი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია. ამჯერად მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს", - აღნიშნა დედა თამარმა.