თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ფუნდამენტურად არ შეიცვალა, ევროკავსირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე დიდია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, ცხადია, რომ ივანიშვილის პოლიტიკის გამო საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვან მონაპოვარს ჰკარგავენ.
"ეს გაამარტივებს ევროკავშირისთვის გადაწყვეტილების მიღებას თუ პოლიტიკური ნება იქნება, რომ შეჩერდეს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როგორც დიპპასპორტებისთვის უპრობლემოდ შეწყვიტეს უვიზო მიმოსვლა და ვერანაირი ბერკეტების ვერ აამუშავა "ქართულმა ოცნებამ" ამის შესაჩერებლად, ზუსტადა ასევე შეუძლიათ, კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო მიმოვსლის შეჩერებაზე. თუ ქვეყანაში არ შეიცვლება ფუნდამენტურად პოლიტიკური ვითარება უახლოეს მომავალში, ის საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, არის ძალიან დიდი", - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვიზის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას გეგმავს, რაც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით ამჟამად სარგებლობენ.აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვყნებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნები: დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო.