საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პრობლემას ოპოზიციის ის ნაწილი წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღევანდელი ხელისუფლების ალატერნატივაა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პროექტის ფარგლებში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"როგორც პოლიტიკოსი, სააკაშვილის გამოსვლას ვუყურებდი წმინდა პოლიტიკური თვალით. ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოიყენო შემდეგი მეთოდი: რასაც ამბობს ადამიანი, პირიქით, სარკისებურად უნდა გაიგო. ამიტომ, როდესაც ის საუბრობს, რომ 2-3 წლის წინ ოპოზიცია ძლიერი იყო და ახლა სუსტია, აქ სხვა რამ გამოიკვეთა. კერძოდ, სააკაშვილისთვის პრობლემას დღეს წამოადგენს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია, საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზოს დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად თავისი ალტერნატივა. ეს არის დღეს სააკაშვილის თავისტკივილი და პრობლემა", - აღნიშნა კაციტაძემ.
"ახალი მემარჯვენეების" შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ბრძოლის გზად მხოლოდ ქუჩა აქვს არჩეული, სააკაშვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ მეთოდმა დაანახა, რომ შედეგზე გასვლა შეუძლებელია, თუ ხელისუფლებას კატასტროფილი შეცდომა არ მოუვიდა.
"ეს იწვევს ორთქლის გამოშვებას და საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების გაფანტვას. შედგად, ოპოზიციას უბრუნდება ნიჰილიზმით, იმედგაცრუებით და ხშირად აგრესიითაც. ამიტომ ის, რაც სააკაშვილმა ოპოზიციად მოიხსენია, მისთვის დღეს პრობლემას არ წარმოდგენს. შეიძლება სასურველიც კი იყო", - აღნიშნა მან.