აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გაიწვია 15 მარტის გადაწყვეტილება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ გრანტის გაუქმების შესახებ.
ამრიგად, აშშ-ის ხელისუფლება განაახლებს „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებას.
აშშ-ს კოლუმბიის საოლქო სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 26 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც საქმეში დაცვის მხარეს წარმოადგენს, სასამართლოს წერილი წარუდგინა, რომლიდანაც ჩანს, რომ USAGM-იმ მოსარჩელის, ამ შემთხვევაში რადიო თავისუფლების, გრანტის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უკან წაიღო.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა, უკან გაიწვია 15 მარტის წერილი, რომელიც “რადიო თავისუფლებისთვის” ფედერალური გრანტის შეთანხმების გაუქმებას გულისხმობდა.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო იტოვებს უფლებას, გააუქმოს გრანტი მომავალში.
ცნობისთვის, აღნიშნული გრანტის გაუქმების შემდეგ, მედიაჰოლდინგმა სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მიაღწია დაფინანსების დროებით აღდგენას.
2025 წლის ოქტომბრამდე „რადიო თავისუფლებამ“ ფედერალური მთავრობისგან უნდა მიიღოს კიდევ 77 მილიონი დოლარი.