გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Signal-ის ჩატში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი დაამატა, თეთრ სახლში მის გათავისუფლებას განიხილავენ. ამ ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც POLITICO აღნიშნავს, მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით თეთრ სახლში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიღებს და ეს უახლოეს დღეებში მოხდება.
წყარო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე ამ საკითხზე ინტენსიურად მსჯელობენ.
"მათი ნახევარი ამბობს, რომ ის ვერ გადარჩება ან არ უნდა გადარჩეს", - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, თეთრი სახლის ორი მრჩეველი ფიქრობს, რომ უოლცი უნდა გადადგეს, რათა პრეზიდენტი "ცუდ სიტუაციაზე" არ ჩავარდეს.
"უპასუხისმგებლობა იყო იმის არ შემოწმება, თუ ვინ იყო ჩატში. უპასუხისმგებლობა იყო ამ საუბრის Signal-ში გამართვა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად უპასუხისმგებლო ვერ გეყოლება." - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
კიდევ ერთი ანონიმური წყაროს თქმით, თეთრ სახლში ყველა თანხმდება, რომ უოლცი "იდიოტია". თუმცა, ეს წყარო ვარაუდობს, რომ მრჩეველს არ გაათავისუფლებენ.
მოვლენებში ჩართულმა კიდევ ერთმა ანონიმურმა წყარომ, თქვა, რომ ტრამპი უოლცს ესაუბრა და თეთრი სახლი ამჟამად მის გვერდით დგას.
შეგახსენებთ, Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ორშაბათს განაცხადა,რომ შემთხვევით დაამატეს Signal-ის ჯგუფურ ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავდნენ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის გეგმებს.
ჩატის მონაწილეებმა გააჟღერეს საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებზე, რომლის სამთავრობო საკომუნიკაციო სისტემების გარეთ გავრცელება აკრძალულია.
ჩატში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები.