ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა ბოლო ეტაპი იქნება სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერამდე. მანამდე უნდა მოხდეს შუალედური ეტაპები, მათ შორის საჰაერო თავდასხმების შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკაზე თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი დეესკალაციისა და კონფლიქტის მოგვარებისკენ.
"ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს დრონებისა და რაკეტების გაშვება ატომურ ელექტროსადგურებზე, ნავთობსადენებსა და ელექტროქსელებზე. რადგან ერთ დღეს ეს ყველაფერი უნდა აღდგეს", - თქვა უოლცმა.
შემდეგი ნაბიჯი, მისი აზრით, შეიძლება იყოს ტყვეთა გაცვლა, როგორც კეთილგანწყობის ჟესტი.
"შემდეგი ნაბიჯი არის საზღვაო უსაფრთხოება. ორივე ქვეყანას აქვს წვდომა შავ ზღვაზე და მათ სჭირდებათ ნავთობით, გაზით და მარცვლეულით ვაჭრობა, რათა გამოკვებოს თავისი ხალხი და სხვები", - თქვა ტრამპის მრჩეველმა.
უოლცი მიიჩნევს, რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე რთული ეტაპია.
"ყველაზე რთული საკითხია ეგრეთ წოდებული "კონტროლის ხაზი". ეს არის თხრილის ომი, რომელიც გადაჭიმულია თითქმის 800 მილზე", - აღნიშნა მან.