"საქართველოში მასწავლებელთა ხელფასი დაუშვებლად დაბალია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროექტში "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს".
პრეზიდენტის თქმით, მთავრობა მასწავლებლებთან მიმართებაში "საუკუნო ვალშია".
"საქართველოში მასწავლებელთა ხელფასი არის დაუშვებლად დაბალი და ეს კარგად ვიცი. ჩვენ ვართ საუკუნო ვალში ჩვენი მასწვლებლების წინაშე. საშუალო ხელფასი არის 380-იდან 400 ლარამდე. დაბალია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ იყო 100 ლარი და ბევრგან უფრო მეტი და ბევრგან უფრო ნაკლები. ახლა შემოვიღეთ ატესტაცია. დროის მოთხოვნებია და გვჭირდება, რომ მასწავლებლებიც მუდმივად იზრდებოდნენ. ვისაც უნდა, უკეთესი ხელფასი ჰქონდეს, ის უკეთესადაც უნდა ასწავლიდეს და გადალახოს ეს პროცესი. ყველას, ვინც ჩააბარებს საატესტაციო გამოცდებს, ემატება 200 ლარი. ხოლო მასწავლებლების 25 პროცენტს, რომლებსაც საუკეთესო შედეგი ექნებათ სხვებთან შედარებით, შევუვსებთ ხელფასს 1000 ლარამდე. ეს არის ორმხრივი შეთანხმება. ჩვენი ამოცანაა, საჯარო სკოლები იყოს მაღალი დონის და ამაში შეუძლებელი არაფერია. რამდენიმე კერძო სკოლამ ააწყო სწორი სისტემა. ამას უნდა მუშაობა. ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული განათლების სფეროში, უნდა აღმოიფხვრას და აღარ უნდა განმეორდეს", - განაცხადა სააკაშვილმა "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" ეთერში.
პრეზიდენტი შეეხო უცხოეთიდან მასწავლებლების ჩამოყვანის თემასაც.
"საქართველოში 4-5 წლის განმავლობაში გავატარებთ 10 ათას ინგლისურის მასწავლებელს. გუშინ იტალიის საელჩომ ჩამოყვანა იტალიური ენის 10 მასწავლებელი და მოხდა მათი გადანაწილება. ჩვენ გვჭირდება ამ ენების ცოდნა იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ეს ბუნებრივი უპირატესობა, რომ ლაპარაკობენ უცხო ენებზე. თუ არ გაქვს ინფორმაცია, მაშინ ღარიბი ხარ. ეს არის ასევე ინსტრუმენტი უკეთესი ცხოვრებისთვის", _ განაცხადა პრეზიდენტმა.