საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სოფლის მეურნეობის. ტურიზმის და ენერგეტიკის მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს შანსი, რომ 3-4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება მინიმუმ გაორმაგდეს.
"სოფლის მეურნეობაში ჩვენ გავქვს შანსი 3-4 წლის განმავლობაში წარმოება მინიმუმ გავაორმაგოთ. მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე და საქართველოში არის ძალიან ბევრი დაუმუშავებელი მიწა. ბოლო დროს ბევრს დავდივარ და დავფრინავ საქართველოში და ვხედავ, რომ დაუმუშავებელი მიწების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. თუმცა ბევრია აუთვისებელი და უნდა მოხდეს მისი შემცირება"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის განმარტებით, ტურიზმის მხრივ საქართველოს განუზომელი შესაძლებლობები გააჩნია.
"ჩვენ გვყავდა 2 მილიონი ვიზიტორი და წელს 3 მილიონ ვიზიტორს ველოდებით. 2-3 წელიწადში კი უნდა გვყავდეს 5 მილიონი უფრო მეტი ტურისტი. თითო ტურისტს სჭირდება 4 თანამშრომელი სხვადასხავა დაწესებულებებში. რეალურად შეიძლება სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნას ამ სფეროში დასაქმებულებისათვის"- განმარტავს სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, 2012 წელს საქართველო ჰიდროელექტროსადგურების მასობრივ მშენებლობას იწყებს, ეს არის ნესკრა 250 მეგავატი, ნამახვარი 450 მეგავატი, ხრამი 100 მეგავატი და ასევე ფარავან ჰესი და მტკვარჰესი, რომელიც უკვე შენდება.
"ეს ყველაფერი არის 20-30 ათასი დასაქმებული ადამიანი მარტო ამ სფეროში, ამას გარდა ჩვენ ვაგრძელებთ გზების მშენებლობას. წელს პირველად გავხსნით საქართველოში ქარხანას, რომელიც აწარმოებს კომპიუტერებს. სერიოზულად ვმუშაობთ ასევე ელექტრომობილების ჩამოყვანაზე. ვმუშაობთ ასევე იმაზეც, რომ მათი ნაწილი ან მთლიანად საქართველოში აიწყოს", _ აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ 2012 საქართველოში უმუშევრობის კუთხით სერიოზული გარღვევა მოხდება.