"გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - საქართველო უნდა განვითარდეს უფრო ჩქარი ტემპით, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც განაპირობეს ყველაფრის გაძვირება", _ განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
"გაძვირდა იმიტომ, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა წავიდა წინ. ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობდა ისტორიის უმეტეს ნაწილში. ახლა ჩინეთის მთელმა მოსახლეობამ დაიწყო ჭამა. დაიწყეს მანქანების ყიდვა. აქამდე ველოსიპედით დადიოდნენ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა - "გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - საქართველო განვითარდეს კიდევ უფრო ჩქარი ტემპით, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც განაპირობეს ყველაფრის გაძვირება. ჩვენს ხალხს ეს, რა თქმა უნდა, დაარტყამს".
"ბორჯომის გამოსავალი არის, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, ბაკურიანში იცვლება წყალსადენი და წლის ბოლომდე დამთავრდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები სიამოვნებით ივლიან ბორჯომში. უთოვლობის პერიოდშიც კი არის ბევრი ტურისტი", _ აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს განვითარება მოსახლეობისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და მოსახლეობა სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული არ იქნება.
"ყველაფერს სჭირდება წყალსადენი, რომელიც აქამდე არ იყო. წინა წლებში დენის მომარაგებაც არ იყო. შემდეგ გზები, რომლებიც ბოლომდე მივა ყველგან. ეს მოგვცემს დამატებით სამუშაო ადგილებს, ადამიანები აღარ იქნებიან დამოკიდებული სოციალურ და სახელმწიფო დახმარებაზე", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა შეიქნას კერძო ბიზნესი.
"უნდა ვიყოთ განსაკუთრებით წარმატებულები, რომ გადავრჩეთ. ჩვენი გეოპოლიტიკისა და გარშემო რისკების პირობებში მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით წარმატებულები. ეს ეხება ეკონომიკას და უსაფრთხოებასაც. საკვების უსაფრთხოება გვაქვს გარანტირებული. ამ სიტუაციაში მთავარია გვქონდეს მყარი მომარაგება და ამაზე ყველანი ერთად ვმუშაობთ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.