საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ბათუმის ტერიტორიაზე განათავსა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებული 2024 წლის 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა, მე-6 ნაწილის ა და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) ჰქონდა წარდგენილი.