ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
"ბურების ჩამოყვანის ნაცვლად სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად წამოწევა, გლეხების დახმარება არ ერჩივნათ? ბოლოს და ბოლოს, ამდენი უმუშევარი დაესახლებინათ იმ ადგილებში", _ აცხადებს ლორთქიფანიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მეცნიერი ისტორიულ გამოცდილებასაც შეახსენებს ხელისუფლებას: "ვინც შევიფარეთ და ჩამოვასახლეთ, რა მივიღეთ იქიდან? პირადად მე საქართველოში მათ დასახლებას ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. თავის დროზე, ბურები ევროპელები, ჰოლანდიელები იყვნენ, რომლებიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დასახლდნენ. შემდეგ ევროპელებსა და ზანგებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტობრივად, ეტყობა, მათ იქ აღარ ეცხოვრებათ და ახლა სადღაც უნდა დასახლდნენ", _ აცხადებს ლორთქიფანიძე.
ამასთან, მეცნიერი დაუშვებლად მიიჩნევს მათ განუსაზღვრელ კონტინგენტსაც.
"საერთოდ, რა ამბავია 40 ათასი, საიდან ეს რიცხვი? დავით აღმაშენებლის დროს სულ სხვა სიტუაცია იყო. დავით აღმაშენებელმა, მათი სახით, მეომრები ჩამოასახლა და ისინი გამოიყენა. მოგვიანებით კი ყივჩაღების ნაწილი საქართველოდან წავიდა, რაც რუსულ წყაროებშიცაა ასახული. ნაწილი კი ქართულ მიწაზე დასახლდა, გაქართველდა და გაქრისტიანდა. იმ დროს ყივჩაღების შემოყვანას თავისი ახსნა ჰქონდა", _ აცხადებს ლორთქიფანიძე.