დღეს ქალაქის მერი ვაზისუბნის მუნიციპალიტეტში თბილისელების ადვოკატების მუშაობას გაეცნო. გიგი უგულავა უფასო იურიდიული დახმარებისთვის მისულ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ქვეყნის სწრაფ განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, ბევრი ადამიანის უფლება შეილახოს. უგულავას განმარტებით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თბილისელების ადვოკატი.
"მხოლოდ ასე შეიძლება მივაღწიოთ სამართლიანობას. როცა სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმი არ არსებობს, მაშინ ადამიანი ბრძოლის სხვა მექანიზმს ირჩევს",_აცხადებს გიგი უგულავა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის პროგრამაა, ადამიანი თავისუფალია და, თუ არ მოსწონს მერიის გადაწყვეტილება, მის წინააღმდეგაც შეუძლია სარჩელის შეტანა.
შეგახსენებთ, მერიის დაფინანსებით, უკვე ერთი წელია ამოქმედდა თვილისელებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა. არსებული ინფორმაციით, მათი დახმარებით, სასამართლოში შეტანილი სარჩელით 500-ზე მეტმა თბილისელმა საქმე მოიგო. მოქალაქეები 60 ათასი ლარის ჯარიმებისგან გაათავისუფლეს.
პროგრამა თბილისის მასშტაბით 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.