ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარმოადგენს.
ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნდა სიმღერა, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება.
სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.
ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. კონკურსს ტრადიციულად პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.