პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ვარაუდით, "დომოდედოვის" აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ოფიციალური მოსკოვი "სათავისოდ" გამოიყენებს.
"რასაკვირველია, ამ ფაქტს რუსეთის ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს და იტყვის, რომ რა დროს საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალია, როცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაა და ამ მიმართულებით გაერთიანებაა აუცილებელი. რასაკვირველია, ეს ცინიზმია, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამ უბედურებას მოსკოვი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს და დასვლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაივიწყოს ის, რაც მან საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა, რასაც უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში აკეთებს და საერთო საფრთხის წინააღმდეგ - რასაც ტერორიზმი ჰქვია, გაერთიანდნენ", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, ცინცაძის განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება ტერორიზმის მიზეზებს არ სწავლობს და მხოლოდ ის, რომ კონტროლს ამკაცრებს, პრობლემას ვერ გადაჭრის.
"საჭიროა მიზეზების შესწავლა. გასაგებია, რომ გამკაცრდა აეროპორტებში შესვლა, მაგრამ ეს პრობლემას ვერ აგვარებს. თუ აეროპორტებში აღარ მოხდება ტერორისტული აქტების განხორციელება, ის იქნება მეტროში, ბაზრებში და თავშეყრის სხვა ადგილებში. საჭიროა არა მხოლოდ უსაფრთხოების გამკაცრება, არამედ მიზეზის ძებნა და სათანადო მკურნალობა _ კონტროლის დაწესება და სახელმწიფოს ქცევა ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრედ", - დასძინა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ "დომოდედოვოს" აეროპორტში აფეთქება გუშინ, დაახლოებით 16:300 საათზე მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. გამოძიება მომხდარში ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების კვალს ხედავენ.