რუსი მუსიკოსი, მსახიობი, პოეტი ვლადიმერ ვისოცკი 1938 წლის 25 იანვარს, მოსკოვში დაიბადა. ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით მოიპოვა. XX საუკუნის 70-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი სსრკ-ის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.
ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა, ხშირად მიდიოდა გასტროლებზე უცხოეთშიც. სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.
1967 წლის ივლისში გაიცნო ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა.
1968 წელს გამოვიდა მისი პირველი საავტორო ალბომი "სიმღერები კინოფილმიდან "ვერტიკალი".
1975 წელს ავტორის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად გამოქვეყნდა ვისოცკის ლექსი ლიტერატურულ კრებულში.
1970-იან წლებში გაიცნო პარიზში ბოშა მსახიობი და მუსიკოსი ალიოშა დმიტრიევიჩი, რომელთან ერთადაც შემდგომში ხშირად მღეროდა. მათ ერთობლივი ალბომის ჩაწერაც კი ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ 1980 წელს ვისოცკის გარდაცვალების გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ჩაწერილი აქვს 10-მდე რადიოსპექტაკლი, ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი კონცერტი როგორც სსრკ-ში ასევე საზღვარგარეთ.
1980 წლის 16 ივლისს კალინინგრადში ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი კონცერტი შედგა.
ამავე წლის 18 ივლისს ვისოცკიმ უკანასკნელად ითამაშა თავისი ყველაზე ცნობილი თეატრალური როლი - ჰამლეტი, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხევით დადგმულ სპექტაკლში.
1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე ვისოცკი გარდაიცვალა მოსკოვში, თავის ბინაში. ანატოლი ფედოტოვის ვერსიით სიკვდილის მიზეზი მიოკარდის ინფარქტი იყო. სტანისლავ შერბაკოვისა და ლეონიდ სულპოვარის ვერსიით კი სიკვდილი დამამშვიდებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ასფიქსიის მიზეზით დადგა. ამ ვერსიების მიუხედავად ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.
ვისოცკი დაკრძალულ იქნა 1980 წლის 28 ივლისს ვაგანკოვსკის სასაფლაოზე.
ამ პერიოდში მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ქალაქი გადაკეტილი იყო და მილიცია იცავდა. ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ გაცხადებულა, მიუხედავად ამისა ტაგანკის თეატრთან, სადაც იგი მუშაობდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაშლილა გამოსვენების დღეს ახლომდებარე შენობების სახურავებიც კი სავსე იყო ხალხით.
1981 წელს გამოქვეყნებულ იქნა ვისოცკის ნაწარმოებთა პირველი კრებული "ნერვი". 1986 წელს ვისოცკის მიენიჭა რსფსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1987 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიაკუთვნეს სატელევიზიო კინოფილმში "შეხვედრის ადგილი უცვლელია" ჟიგლოვის როლისა და სიმღერათა საავტორო შესრულებისთვის. 1989 წელს მოსკოვში ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი დაარსდა.