კრემლი განიხილავს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის აპრილში ან მაისში შეხვედრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრა, შესაძლოა, დაემთხვას აღდგომის დღესასწაულს. (2025 წელს, აღდგომა როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ეკლესიებში, 20 აპრილს აღინიშნება).
კრემლში მყოფი წყაროების განცხადებით, იდეალურ შემთხვევაში, მოსკოვს ურჩევნია შეხვედრის გადადება რაც შეიძლება დიდხანს, რათა მაქსიმალური დათმობები მიიღოს ვაშინგტონისგან საომარი მოქმედებების დასრულების სანაცვლოდ, რადგან „დრო კრემლის მხარეზეა.
ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს შეხვედრის მეტად გადადება, რადგან შიშობენ, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა ინტერესი დაკარგოს მის მიმართ, მაშინ როცა ევროპაში და თავად აშშ-ში მოსკოვთან ურთიერთობის წინააღმდეგობა იზრდება.
შესაბამისად, შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში იგეგმება „არაუგვიანეს ივნისისა“.
უკრაინაში ომის დასრულების გარდა, რუსეთს სურს, რომ მოლაპარაკებებმა ასევე მოიცვას მისთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, როგორიცაა სანქციების გაუქმება, აშშ-ის ინვესტიციები დიდ რუსულ პროექტებში, სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი.
„ჩვენც და ტრამპსაც აშკარა გამარჯვებები გვჭირდება. გამარჯვებები მოდის მხოლოდ კარგად მომზადებული, დოკუმენტირებული შეთანხმებებიდან და ეს მოითხოვს ფართო მოსამზადებელ მუშაობას", - აღნიშნა კრემლში მყოფმა The Moscow Times-ის ერთ-ერთმა წყარომ.