თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თურქეთი და პოლონეთი ორი ძირითადი მოკავშირეა, რომლებსაც აქვთ ნატო-ს ორი უდიდესი სახმელეთო არმია ევროპაში, რომლებიც განლაგებულია ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე.
მოლაპარაკების შემდეგ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს და პოლონეთს მტკიცედ აქვთ გადწყვეტილი, გაზარდონ ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობა $15 მილიარდამდე.
გლობალური ცვლილებების ფონზე გაჩენილ ახალ რეალობაზე, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირს სურს, თავიდან აიცილოს თავისი მნიშვნელობისა და ძალაუფლების დაკარგვა, ამის მიღწევა მხოლოდ თურქეთის სრული წევრობით შეუძლია.
სახელმწიფოს მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის პოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„დადებითად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიც კონსტრუქციულად უპასუხებს“, - განაცხადა მან.
ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით პირველივე დღიდან ძალიან მკაფიო იყო.
"ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ორმა მეზობელმა დაასრულოს ომი სამართლიანი მშვიდობით", - აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ განვითარებული მოვლენები რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების საშუალებას მისცემს, ანკარა მზადაა გაწიოს ნებისმიერი დახმარება, მოლაპარაკებების ორგანიზების ჩათვლით.
„ჩვენი რეგიონი გაჟღენთილია ომებით, კონფლიქტებითა და ცრემლებით. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონი მშვიდობასა და სტაბილურობას მიაღწევს. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას ამისთვის“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.