სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შესაძლოა აფხაზეთში ჩავიდეს.
ეს ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ უწმინდესს აფხაზეთში ჩასვლის სურვილი ნამდვილად აქვს.
"თუმცა მოხერხდება თუ არა ეს და კონკრეტულად რა ღონისძიებები ტარდება ამისთვის არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით", - აცხადებენ საპატრიარქოში.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში უწმინდესის შესაძლო ჩასვლის საკითხის გარკვევამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 4 თებერვალს ათდღიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც კენტენბერიის არქიეპისკოპოსმა მიიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, ილია მეორე ლონდონში მოქმედ ქართულ ეკლესიას მოილოცავს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის დედოფალს და ქვეყნის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი გასული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ აფხაზეთში აღარ ჩასულა.