კავკასიის მთანეთის მდგრადი განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კობა არაბული მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დაცლის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მძიმე დღეშია.
ამის შესახებ კობა არაბულმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ღვთის მადლით, სვანეთის, რაჭის სოფლებში კიდევ შემორჩა მოსახლეობა. მაშინ, როცა ხევსურეთში კატასტროფული მდგომარეობაა. ისტორიულად, დასავლეთ საქართველოს მთა იცავდა, აღმოსავლეთში კი მთასაც და ბარსაც იცავდნენ ადამიანები. თუმცა იმის გამო, რომ თუნდაც ხევსურეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონში არ არის გზა, არანაირი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტრა, ხალხმა ბარად ჩამოსვლა გადაწყვიტა,"_განმარტავს კობა არაბული.
მისი აზრით, თუ მთასთან მიმართებით დიფერენცირებული სახელმწიფო სტრატეგია არ ჩამოყალიბდება და სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკა არ ამოქმედდება, პრობლემები უფრო მოიმატებს. ამ სტრატეგიამ მთის უნიკალობა უნდა აღიაროს და განსაზღვროს, რასაც მოგვიანებით ქვეყნის განვითარების ეკონომიკური სტრატეგია მოერგება.