ლოს ანჯელესში, Dolby-ის თეატრში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის 97-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში გაიმარჯვა შონ ბეიკერის ფილმმა "ანორა".
ფილმი მოგვითხრობს რუსი ოლიგარქის ვაჟის, ვანიასა და ანორას შესახებ, რომელიც ბრუკლინის სტრიპტიზ კლუბში მუშაობს. ვანია და ანორა ქორწინდებიან, რასაც ვანიას მშობლების რისხვა მოჰყვება, რომლებიც წყვილის დაშორებას ეცდებიან.
"ანორამ" გასულ წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.
ფილმმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო ორიგიალური სცენარის ნომინაციაში. მისი რეჟისორი შონ ბეიკერი კი დაჯილდოვდა ოსკარით წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებისთვის.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა მაიკი მედისონმა, "ანორაში" შესრულებული მთავარი როლისთვის.
მაიკი მედისონი
ამერიკელმა მსახიობმა ედრიან ბროუდმა გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში და ოსკარი გადაეცა ფილმში - "ბრუტალისტი" შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მეორეხარისოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა კირან კალკინმა ფილმისთვის - A Real Pain.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ზოი სალდანამ ფილმისთვის "ემილია პერესი".
"საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმის" კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ბრაზილიელი რეჟისორის ვალტერ სალესის ფილმი I’m Still Here
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო გადაეცა ედუარდ ბერგერის ფილმს "კონკლავი", რომლის სცენარი დაფუძნებულია რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანზე და მოგვითხრობს ვატიკანის პოლიტიკურ მოვლენებზე. ფილმში ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც მონაწილეობს.