საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის განცხადებით, ქართული ოცნება, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების გზით, მედიის შეზღუდვასა და ცენზურის დაწესებას ცდილობს.
"ქართული ოცნების ლიდერები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას მედიის თვითრეგულირების არსებული მექანიზმების სისუსტითა და არაეფექტურობით ასაბუთებენ. დაინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკვანძო საკითხებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარეგულირებს.
საქართველოში ქარტიის სახით გვაქვს ეფექტურად მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით.
ცვლილებების წარმოდგენის დრო და კონტექსტი გვარწმუნებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა.
ქართული ოცნების მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება ქართული ოცნების ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს ქართული ოცნება აინიცირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად.
შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს.
საკითხები, რომელიც ქართულ ოცნებას თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადმოაქვს, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში მედიის თვითრეგულირების ორგანოებისა და სარედაქციო განსჯის საგანია. ქარტიისთვის მიუღებელია ამ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში არბიტრად საქართველოს კომუნიკაციის კომისიის შემოყვანა, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წლებია, დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, და რომლის მიმართ სრულიად სამართლიანად, ბევრი პრეტენზია აქვთ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ჟურნალისტებს შეცდომებზე კოლეგებმა უნდა მიუთითონ და არა ჩინოვნიკებმა, რომელთაც სანქციების დაწესებისთვის ფართო მანდატი ეძლევათ.
განვითარებას ხელს უწყობს თვითრეფლექსია და არა სადამსჯელო ღონისძიებები.
შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიული სტანდარტად წარმოადგენს.
მიუღებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის იმგვარად ინტერპრეტაცია, როგორც ეს არის მოცემული შემოთავაზებულ ცვლილებებში. წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება - არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს".- ნათქვამია განცხადებაში.