ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.
ფესტივალში სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.
გახსნის ცერემონიაზე სპორტმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი) რვა სპორტსმენი იასპარეზებს:
სამთო თხილამურობა
იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი, ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
ფიგურული ციგურაობა
ინგა გურგენიძე
ბიატლონი
შიო ქუჩუკიანი