24 იანვარს, 13:00 საათზე, "ევროპის სახლში" (თავისუფლების მოედანი 1) გაიმართება ტელეკომპანია "PIK"-ის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) 2011 წლის 25 იანვრისთვის დაგეგმილ ეთერში გასვლასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა წარმოადგენს თავის ხედვას, გეგმებსა და განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, მოხდება ძირითადი პროგრამებისა და პროექტების, ასევე არხის ელექტრონული გვერდის (www.pik.tv ) პრეზენტაცია.
როგორც არხის მესვეურები აცხადებენ, "პირველი საინფორმაციო კავკასიური" არის უნიკალური მედიაპროექტი კავკასიის ისტორიაში.
საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი არხი "PIK" თბილისიდან განახორციელებს ექვსსაათიან მაუწყებლობას (18:00 - 00:00 მოსკოვის დროით) რუსულ ენაზე. სიგნალი დაფარავს სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიას.
ტელეკომპანია "PIK" ეთერში გავა თანამგზავრიდან.
არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათი მიზანია:
- შეიხედოს სამყაროს ყველაზე საოცარ და ნაკლებად შესწავლილ კუთხეებში;
- ჩართოს ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასიის ხალხები მსოფლიო საინფორმაციო რევოლუციაში;
- უზრუნველყოს კავკასიელები ოპერატიული, ზუსტი, ობიექტური და დროული ინფორმაციით მათთვის საინტერესო მოვლენებისა და ამბების შესახებ;
- დააწესოს ჟურნალისტიკის ახალი სტანდარტები რეგიონში.
ტელეკომპანია "PIK" არ აპირებს:
- ებრძოლოს პროპაგანდას პროპაგანდის საშუალებით;
- შევიდეს პოლემიკაში სხვა მედია საშუალებებსა და მთავრობებთან;
- დასკვნების გაკეთებას; ჩვენ მაყურებელს უზრუნველვყოფთ ყველა იმ საშუალებით; რომელიც მათ საკუთარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს;
- გაექცეს კამათს.
"გვინდა გავხდეთ ისეთი არხი, რომელსაც უყურებენ იმისთვის, რომ გაიგონ, რა ხდება კავკასიაში. იმათთვის, ვისაც ჩვენში ეჭვი ეპარება, მარტივი პასუხი გვაქვს: ჯერ უყურეთ და დასკვნები მერე გააკეთეთ", - ამბობს ტელეკომპანია "PIK"-ის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსი.
ტელეკომპანია "PIK" აპირებს რეგიონული მედიასივრცის გარდაქმნას სწრაფი, ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის, ინოვაციური ინტერნეტჟურნალისტიკისა და ექვსსაათიანი ყოველდღიური მაუწყებლობის შეხამებით, რომელიც ასახავს კავკასიის კულტურასა და რეგიონის ყოველდღიურ ცხოვრებას.
ტელეკომპანია "PIK" მაყურებელს შესთავაზებს ოპერატიულ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას. მას ექნება კორესპონდენტთა საკუთარი ქსელი ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, კიევში, მახაჩკალაში, ანკარაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვლადიკავკაზსა და თეირანში.
"ტელეკომპანია "PIK-ის ტორტის მინანქარი მისი პროგრამა იქნება - ოთხი საათი ყოველდღიურად, რომლის ნახევარიც აგებული იქნება არხის გამოცდილი წამყვანებისა და რეჟისორების მიერ მოპოვებულ ორიგინალურ მასალაზე. არხი შემოგთავაზებთ სხვადასხვა ჟანრის გადაცემებს, მათ შორის თანამედროვე დოკუმეტურ ფილმებს, საუბრებს ისტორიისა და ხელოვნების თემებზე, სადისკუსიო თოქშოუებსა და ტელეჟურნალებს", - აცხადებს პარსონსი
მისი განცხადებით, ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტგვერდი წინ უსწრებს მაუწყებლობას. ნებისმიერ კავკასიელს შეუძლია გახდეს პოტენციური ჟურნალისტი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ისტორიის, ფოტოს ან ხანმოკლე ვიდეოს ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტგვერდზე გაგზავნის გზით, საიდანაც ეს მასალა საინფორმაციო გამოშვებაზე მომუშავე გუნდის ხელში აღმოჩნდება.
"ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტგვერდი საშუალებას მისცემს კავკასიელებს, წამოწიონ მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხები. იგი გახდება ერთგვარი ფორუმი, რომელიც უზრუნველყოფს მმართველების ანგარიშვალდებულებას უბრალო მოქალაქეების წინაშე. ტელეკომპანია "PIK-ის ინერნეტსტრატეგიის მიზანია აქციოს ინფორმაცია ორმხრივ პროცესად. ტელეკომპანია "PIK-ის სიუჟეტების დიდი ნაწილი აგებული იქნება ინტერნეტით შემოსულ მასალებზე და არა პირიქით", _ აცხადებენ არხის მესვეურები.
უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად ტელეკომპანია "PIK-ის ხელმძღვანელობა დაეკისრა ოთხი უხცოელი ჟურნალისტისგან შემდგარ გუნდს, რომლებსაც აქვთ რეგიონის 21-ე საუკუნის საინფორმაციო რევულუციაში ჩართვის ამბიცია.
რობერტ პარსონს, გენერალური დირექტორი (BBC, Frence24) და დევიდ ჩეტერს, გენერალური დირექტორის მოადგილე/ინფორმაცია (ITN, SKY News, Al-Jazeera) აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, მელანი ენსტი, გენერალური დირექტორი/პროგრამები არის დამოუკიდებელი პროდიუსერი და დოკუმენტალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით, ზურაბ კოდალაშვილი, გენერალური დირექტორი (BBC, CNN, SKY News), რომელიც ხელმძღვანელობს ინტერნეტჯგუფს, არის ყოფილი ოპერატორი და ვიდეორეჟისორი. მარავლმხრივმა და მდიდარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება იმუშაოს ვებ-დიზაინისა და ინტერნეტჟურნალისტიკის სფეროში.
"მმართველი გუნდი აპირებს ჟურნალისტიკის სფეროში არსებული ცოდნის ამაღლებასა და გაღრმავებას. მათი აზრით სწორედ ეს არის მედია სივრცის რეფორმირების ერთ-ერთ წინაპირობა. 25 იანვრისთვის ეთერში გასვლის მომზადების მიზნით მოწვეულ იქნენ სპეციალისტ-ტრენერები დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და დანიიდან, მაგრამ ამით ტრენინგების სერია არ მთავრდება, პირიქით, ტრენინგები გახდება არხის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი", _ აცხადებენ არხის მესვეურები.
მათი განცხადებით, "ტელეკომპანია "PIK" არის კავკასიური არხი, მაგრამ მას ადგილობრივი ხასიათი არ ექნება. იგი გააცნობს მსოფლიოს კავკასიას, ხოლო კავკასიას - მთელს მსოფლიოს.
"ტელეკომპანია "PIK" იქნება ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის რუსულენოვანი წყარო, შესთავაზებს მაყურებელს პროგრამების, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ფართო სპექტრს, უზრუნველყოფს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებასა და პროფესიული ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების დაცვას. ჩვენ ვიქნებით კრიტიკულები, მაგრამ ჩვენი კრიტიკა კონსტრუქციული იქნება"", _ აცხადებენ ისინი.
ტელეკომპანიის მართვას ახორციელებს რობერტ პარსონსისა და ეკატერინე კოტრიკაძის მიერ დაარსებული კერძო კომპანია სს "ქეი 1" (K-1)
მართვის მოქნილობისა და ეფექტურობის ამაღლებისა და ბაზარზე წარმატების მიღწევის მიზნით "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" გამგეობის წევრებმა 2010 წლის ივლისში მიიღეს გადაწყვეტილება "პირველი კავკასიურის" კომპანია "ქეი 1"-ისთვის მართვაში გადაცემის შესახებ.