მწერალთა კავშირის ირგვლივ ატეხილი სკანდალით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაინტერესდა.
ამ მიზნით უწმინდესი დღეს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა განუცხადა, შეხვედრის ინიციატორი თავად პატრიარქია, რომელმაც მათთან გასაუბრება მწერალთა კავშირის გამომცემლობის ყოფილი დირექტორის ვაჟა ოთარაშვილის მიერ "ტელეკომპანიებში მიტანილი ვიდეოჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ" გადაწყვიტა.
"მოგეხსენებათ, გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" არხზე მწერალთა კავშირთან დაკავშირებით ძალიან შეურაცხმყოფელი სიუჟეტი გავიდა, რომლის მიხედვითად, ჩვენი კავშირი თურმე მხოლოდ დაპირისპირების ბუდე ყოფილა. გადაცემაში გამოყენებული იყო მწერალთა კავშირის გამომცემლობის ყოფილი დირექტორის ვაჟა ოთარაშვილის შვილის მიერ გამგეობის აგვისტოში გამართული იმ სხდომის მიმდინარეობა, რომელზეც ოთარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყდა. იმ სხდომაზე ბატონმა ვაჟამ კიდევ ერთი მწერალი მოიყვანა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრიც კი არაა, მაშინ როცა, გამგეობის სხდომაზე დასწრების უფლება კავშირის წევრებსაც კი არ აქვთ, თუ ისინი თავად გამგეობის წევრებადაც არ ირიცხებიან. ბუნებრივია ამას გამგეობის წევრების მხრიდან პროტესტი და შელაპარაკება მოჰყვა. სწორედ ეს შელაპარაკება გადაიღო ფირზე ვაჟა ოთარაშვილის შვილმა, რითიც ახლა გამომცემლობის ყოფილი დირექტორი ტელევიზიიდან ტელევიზიაში დადის და ცდილობს მწერალთა კავშირს სახელი გაუტეხოს", - განუცხადა გონაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოთარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება გამგეობამ მისი მძიმე ხასიათისა და თანამშრომლებთან მუდმივი კონფლიქტის გამო გადაწყვიტა.
მწერალთა კავშირის წარმომადგენლების უწმინდესთან შეხვედრა 19:00 საათზე, საპატრიარქოში გაიმართება.