დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. დევნილები რეგიონებში მათ გასახლებას აპროტესტებენ და თბილისში საცხოვრებელ ფართს მოითხოვენ.
დევნილები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ მშვიდობიანი მსვლელობით დაიძრებიან. იმის გამო, რომ მათი რიცხვი მცირერიცხოვანია, ისინი სავალ გზას არ გადაკეტავენ.
ამასთან, დღესვე დევნილთა ათკაციანი შემადგენლობა საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ესტუმრება და დევნილთა გასახლების შეჩერებას სთხოვს.
"არ გვინდა, უწმინდესი შევაწუხოთ და საპატრიარქოს რეზიდენციასთან აქცია გავმართოთ, ამიტომ ათკაციანი შემადგენლობით დახმარებას ვთხოვთ უწმინდესს,"_აღნიშნა დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას.
მისივე თქმით, აფხაზეთში ცხოვრების განმავლობაში დევნილებს არ წარმოედგინათ, რომ გააგდებდნენ, მაგრამ დღეს საქართველოს დედაქალაქშიც იგივე მეორდება. "თურმე რამდენი მტერი გვყოლია დედაქალაქშიც,"_აღნიშნა მალაზონიამ.
ერთი კვირის შემდეგ, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაიმართება. დევნილები ვარაუდობენ, რომ ამ აქციაზე სულ მცირე, ორ ან სამი ათას კაცს შეკრებენ.