შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების დროს დაშავებულის, 56 წლის ვიტალი ტურძელაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რომელსაც სხეულის 60% და სასუნთქი გზები აქვს დამწვარი.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში დაშავებული მაღაროელების მონახულების შემდეგ აღნიშნა.
"დაშავებული მაღაროელები მოვინახულე. სამწუხაროდ ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. დაველოდებით, როგორი იქნება მათი მდგომარეობა უახლოეს დღეებში", - აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით, მაღაროელები დაზღვეულები არიან და შესაბამისად მათ მკურნალობის ხარჯებს სადაზღვეო კომპანია ანაზღაურებს.
როგორც ცნობილია, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს ერთი მაღაროელი, 37 წლის მერაბ კალანდაძე დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ექიმების განცხადებით, ოთხივე მაღაროელს სხეული და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მეთანის გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა აფეთქების ზუსტ მიზეზს სპეციალური კომისია სამ დღეში დაადგენს.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა.