დღეს, 22 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში ახალი პროგრამის „ჩემი უფროსი მეგობარი" მონაწილეთათვის ტრენინგი ჩატარდა. ამერიკელი ექსპერტები პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშვებაში ეხმარებიან. ტრენერებმა, რომლებიც კოლორადოს შტატში მსგავსი პროექტების ხელმძღვანელები არიან, ახალი პროგრამის ქართველ მონაწილეებს პროექტის პროცედურები გააცნეს.
2011 წლის იანვრიდან, ახალი პროგრამის - „ჩემი უფროსი მეგობარი" განხორციელება იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ გაეროს ასოციაციასთან ერთად დაიწყეს. პროგრამა მიზნად ისახავს კანონთან პრობლემების მქონე არასრულწლოვნებზე ზრუნვას.
პროგრამის ფარგლებში მოზარდსა და უფროს მეგობარს საშუალება აქვთ, სურვილსამებრ მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. პროგრამის მიხედვით, უფროს მეგობარსა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობა ერთი წელი გრძელდება.
უფროსი მეგობრის პროგრამაში მონაწილეობის მსურველები შემდეგ პროცედურებს გადიან: პროგრამის ინიციატორები უზრუნველყოფენ არასრულწლოვანის, მისი ოჯახის წევრებისა და ზრდასრული მონაწილის პირველ შეხვედრას და აცნობენ პროგრამის წესებს. სურვილისამებრ ამ შეხვედრაზე მხარეები ხელს აწერენ ხელშეკრულებას.
უფროსი მეგობრისა და მოზარდის ურთიერთობა, მათთვის სასურველ და კომფორტულ პირობებში მიმდინარეობს: მათ შეუძლიათ ერთად მიიღონ მონაწილეობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა სპორტულ თუ გასართობ ღონისძიებაში. უფროსი მეგობარი ყოველთვიურად გარკვეულ დროს უთმობს თავის უმცროს მეგობარს, ეხმარება მოზარდს გაკვეთილების მომზადებაში, აძლევს მას რჩევა-დარიგებებს. თვის ბოლოს ორივე მეგობარი ავსებს ანგარიშს და უგზავნის მას პროგრამის თანამშრომელს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანისა და მისი უფროსი მეგობრის ურთიერთობას.
პროგრამის მიზანია, უფროსი მეგობრის დახმარებით, არასრულწლოვანს გამოუმუშავდეს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, აუმაღლდეს უფროსებისადმი ნდობა, გახდეს მეტად ბეჯითი, კონტაქტური, უფროსი მეგობრისგან ისწავლოს წარმატებისაკენ სწრაფვა.