შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების დროს დაშავებულებს მოინახულებს.
ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, განსაკუთრებით მძიმეა 56 წლის ვიტალი ტურძელაძის მდგომარეობა, რომლსაც სხეულის 60% აქვს დამწვარი.
ექიმების განცხადებით, ოთხივე მაღაროელს სხეული და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული.
როგორც ცნობილია, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს ერთი მაღაროელი, 37 წლის მერაბ კალანდაძე დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. დაღუპული მაღაროელის დაკრძალვის და დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მეთანის გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა აფეთქების ზუსტ მიზეზს სპეციალური კომისია სამ დღეში დაადგენს.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა.