აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პანამაში ვიზიტს გეგმავს. იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით.
Bloomberg-ის ანონიმური წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე გეგმავს გვატემალაში, ელ სალვადორსა და კოსტა რიკას ვიზიტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის ტურნე იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი.
სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისმა ერთ-ერთმა წამომადგნელმა ტამი ბრიუსგმა განაცხადა, რომ რუბიო გეგავს, პრიორიტეტი მიანიჭოს დასავლეთ ნახევარსფეროს.
მედიის ინფორმაციით, მარკო რუბიოს პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რაგნში ლათინურ ამერიკაში იქნება სიგნალი, რომ ტრამპის დაპირებები არალეგალური მიგრაციის აღკვეთის შესახებ, სერიოზულად უნდა მიიღონ.
"როგორც წესი, სახელმწიფო მდივანი პირველად შეერთებული შტატების მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური მოკავშირეებთან ახორციელებს ვიზიტს. ენტონი ბლინკენი პირველად იაპონიას ეწვია, ხოლო რექს ტილერსონი გერმანიას", - წერს Bloomberg-ი.
ჯერჯერობით უცნობია, პანამაში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თუ არა პანამის არხის საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებების განხილვა.
20 იანვარს, საინაუგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპი პანამის არხის საკითხს შეეხო. მისი თქმით, პანამამ დაარღვია ხელშეკრულება, რომელსაც პანამის არხის ნეიტრალიტეტი უნდა უზრუნველეყო.
"ამერიკულ ხომალდებს სასტიკად და უსამართლოდ ექცევიან. ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვცია, პანამას მივეცით, ამიტომ ჩვენ მას უკან მივიღებთ".
საინაუგურაციო სიტყვაში გამოთქმულ პრეტენზიებს, დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან უპასუხა პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ. "ჩვენ სრულიად და მთლიანად უარვყოფთ ყველაფერს, რაც ბატონმა ტრამპმა თქვა. არხი ეკუთვნის პანამას და ასე დარჩება".
პანამის არხთან დაკავშირებით, პირველი განცხადება დონალდ ტრამპმა გასული წლის, 21 დეკემბერს გააკეთა. მან პანამა დაადანაშაულა პანამის არხზე "უსამართლოდ" მაღალი ტარიფების დაწესებაში და მასზე აშშ-ის კონტროლის აღდგენით დაიმუქრა.