ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების დროს დაშავებულებიდან სამი მაღაროელის მდგომარეობა მძიმეა, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
განსაკუთრებით მძიმეა 56 წლის ვიტალი ტურძელაძის მდგომარეობა, რომლსაც სხეულის 60% აქვს დამწვარი.
ექიმების განცხადებით, ოთხივე მაღაროელს სხეული და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
როგორც ცნობილია, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს ერთი მაღაროელი, 37 წლის მერაბ კალანდაძე დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.
დაღუპული მაღაროელის დაკრძალვის და დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, თუმცა აფეთქების ზუსტ მიზეზს სპეციალური კომისია დაადგენს.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა.