კობა სუბელიანის უწყებაში აცხადებენ, რომ დევნილთა გასახლების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთაA სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ამჟამად დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში მიცემისა და დაკანონების პროცესიA მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა მიერ უკანონოდ დაკავებული შენობებიდან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადაყვანის პროცესი ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს დაიწყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხორციელდება.
"აღნიშნული შენობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობისთვის მხოლოდ დროებითი თავშესაფარი გახდა. 2008 წლის სექტემბრიდან დაზარალებულთა საკუთარ სახლებში დაბრუნება, ხოლო დევნილებისთვის სახლებისა და ბინების მშენებლობა ახალ ჩასახლებებში დაიწყო, სადაც მოხდა კიდეც მათი დაბინავება",_აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ვითარებით ისარგებლა ზოგიერთმა დევნილმა და უკანონოდ დაიკავა აღნიშნული დროებითი თავშესაფრის ცენტრები.
დევნილთა სამინისტროს განმარტებით, პროცესი ხორციელდება სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შემუშავებული „შენობის გამოთავისუფლების და დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ სპეციალურ ოპერაციულ პროცედურების (სოპ)"-ის დოკუმენტის მიხედვით.
სამინისტროში, ასევე, აცხადებენ, რომ მათ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული ოჯახი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შენობებში მცხოვრები ყველა დევნილი არ საჭიროებს განსახლებას. მათი გარკვეული ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან ან მიღებული აქვს ფულადი დახმარება საცხოვრებლის შეძენის მიზნით. შესაბამისად, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული ოჯახები მეორედ ვერ დაკმაყოფილდებიან.
რაც შეეხება იმ დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართი ჯერ არ მიუღიათ, მათ სახელმწიფო გარემონტებულ, რეაბილიტირებულ ფართებს საქართველოს რეგიონებში საკუთრებაში სთავაზობს.
სამინისტროს განმარტებით, დევნილებმა ინდივიდუალური შეტყობინების საფუძველზე 40 დღით ადრე წერილობით მიიღეს ინფორმაცია თვითნებურად დაკავებული ობიექტების გამოთავისუფლების შესახებ, რაც 2010 წლის 10 დეკემბერს სამინისტროს, გაეროსა და ევრომონიტორების წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა.
ამასთან, სამინისტროს მესვეურები აცხადებენ, რომ შენობების გამოთავისუფლების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.