ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების დროს დაღუპული მაღაროელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.
როგორც ცნობილია, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს ერთი მაღაროელი, 37 წლის მერაბ კალანდაძე დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა, რომლებიც თბილისის დამწვრობის ცენტრში გამოიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ორი დაშავებულის მდომარეობა შედარებით მძიმეა, მათ სხეულის 15%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ.
ინციდენტის ადგილზე უკვე იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმომადგენელი ზაზა სადუნიშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, თუმცა აფეთქების ზუსტ მიზეზს სპეციალური კომისია დაადგენს.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა.