გაეროში პანამის მუდმივმა წარმომადგელობამ საჩივრით მიმართა ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პანამის არხის ამერიკის კონტროლქვეშ დაბრუნებას აპირებს.
წერილში პანამა მიუთითებს გაეროს წესდების მუხლზე, რომლის თანახმად "ორგანიზაციის ყველა წევრი თავს იკავებს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარისა ან მისი გამოყენებისაგან, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ასევე გაერთიანებული ერების მიზნებთან შეუთავსებელი რაიმე სხვა
სახით".
პანამის წერილი ასევე გაეგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრს.
დონალდ ტრამპი პანამის არხის საკითხს საინაუგურაციო სიტყვაშიც შეეხო. მისი თქმით, პანამამ დაარღვია ხელშეკრულება, რომელსაც პანამის არხის ნეიტრალიტეტი უნდა უზრუნველეყო.
"ამერიკულ ხომალდებს სასტიკად და უსამართლოდ ექცევიან. ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვცია, პანამას მივეცით, ამიტომ ჩვენ მას უკან მივიღებთ".
საინაუგურაციო სიტყვაში გამოთქმულ პრეტენზიებს, დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან უპასუხა პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ. "ჩვენ სრულიად და მთლიანად უარვყოფთ ყველაფერს, რაც ბატონმა ტრამპმა თქვა. არხი ეკუთვნის პანამას და ასე დარჩება".
პანამის არხთან დაკავშირებით, პირველი განცხადება დონალდ ტრამპმა გასული წლის, 21 დეკემბერს გააკეთა. მან პანამა დაადანაშაულა პანამის არხზე "უსამართლოდ" მაღალი ტარიფების დაწესებაში და მასზე აშშ-ის კონტროლის აღდგენით დაიმუქრა.
არხი თამაშობს "გადამწყვეტ როლს ამერიკის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში", - დაწერა ტრამპმა TruthSocial-ზე და დასძინა, რომ ის არ დაუშვებს, რომ ეს "კრიტიკული აქტივი" არასწორ ხელში მოხვდეს, განსაკუთრებით ჩინეთის კონტროლის ქვეშ.
ტრამპის განცხადებას სწრაფად გამოეხმაურა პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო. მან უარყო ტრამპის მუქარა არხის აშშ-ის კონტროლქვეშ დაბრუნების შესახებ.
მულინომ ასევე აღნიშნა, რომ პანამის არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებენ ჩინეთი, ევროკავშირი ან აშშ.
პანამის არხის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის მშენებლობა შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.
1999 წელს შეერთებულმა შტატებმა არხის სრული კონტროლი პანამას გადასცა.
პანამის არხს დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ვაჭრობისთვის: სხვადასხვა შეფასებით, მასზე გადის გლობალური კომერციული გადაზიდვების ხუთი პროცენტი. არხის ყველაზე ინტენსიური მომხმარებლები არიან აშშ, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.