საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრება. სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში სომეხ კოლეგას შეხვდება.
პრეზიდენტთან ერთად, სომხეთში გაემგზავრება საგარეო საქემთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც. მინისტრი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდება.
სააკაშვილი სომხეთში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე "ყველა საკითხის კეთილმეზობლური ურთიერთობის კონტექსტში განხილვას" აპირებს. ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ "ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, დასვამს თუ არა სააკაშვილი სარქსიანთან დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული ბრენდების დაცვის საკითხს.
"სომხეთი არის ჩვენი მეზობელი, რომელთანაც კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვაწარმოებთ. შესაბამისად, ყველა საკითხი ამ კონტექსტში იქნება განხილული", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთში წლის პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველი პირები ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მაღაზიებში აღმოაჩინეს ქართული პროდუქცია სომხური წარწერებით. მათი ინფორმაციით, საფრანგეთში ქართული ხაჭაპური "ხაჩატურიანის" სახელით, ჩურჩხელა "არმიანსკოე ჩუდოს" სახელწოდებით, ხოლო ქართული "საფერავის" ნაცვლად, სომხური "საფერავი" იყიდება.