შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინუ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გამოცემის საპასუხოდ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მაღალი თანამდებობის პირთა სანქცირებას ითვალისწინებს.
სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუს ორდერის გამოცემამ განარისხა, ამერიკელი კანონმდებლები, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს და მას რესპუბლიკელთა მიერ მართული სენატიც დაეთანხმება.
სანქციები დაუწესდება ნებისმიერ უცხქო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც შეეცდება გამოძიება აწარმოოს, ბრალი დასდოს, დააკავოს, დაპატიმროს აშშ-ის ან მისი მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეები.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებულ შტატებში საკუთრებით ტრანზაქციების აკრძალვას ICC-ის გამოძიებასთან დაკავშირებული პირებისთვის, ასევე მათი ვიზების დაბლოკვასა და გაუქმებას.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.
სასამართლომ ასევე გამოსცა "ჰამასის" ლიდერის მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ მასის დაკავების ორდერი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა დასავლეთში. თეთრმა სახლმა მკაცრად დაგმო და შემაშფოთებული უწოდა სასამართლოს მიერ გამოცემულ ორდერს.
"ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემა შემაშფოთებელია... ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ისრაელი არ არის რომის სტატუტის წევრი, არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.