გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე კუნძულის დანიისგან დამოუკიდებლობის მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ეგედემ თავის საახალწლო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც გრენლანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"დროა, გადავდგათ ნაბიჯები, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა მთელ მსოფლიოში, ვიმუშაოთ თანამშრომლობისთვის არსებული ბარიერების მოსახსნელად, რომელსაც კოლონიალური ეპოქის ბორკილები ვუწოდოთ და წინ წავიწიოთ. ისტორიამ და ამჟამინდელმა პირობებმა აჩვენა, რომ დანიის სამეფოსთან ჩვენს თანამშრომლობას სრული თანასწორობა არ მოჰყოლია და თუ ჩვენ კვლავაც უნდა დავეყრდნოთ დანიის კონსტიტუციას, თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ვერ შეიქმნება.
დროა, გავძლიერდეთ და შევქმნათ საკუთარი მომავალი. ჩვენი თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები არ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ დანიის გავლით", - ამბობს ეგედე.
მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში გრენლანდიის პარლამენტმა და მთავრობამ იმუშავეს, რათა გადაედგათ ნაბიჯები კონსტიტუციის შესაქმნელად, რომელიც საფუძველს შექმნის დანიისგან გრენლანდიის გამოყოფისთვის.
გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის ფართობია 2,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი. მისი მოსახლეობა მხოლოდ 56 ათასი ადამიანისგან შედგება. მე-18 საუკუნეში იგი დანიის კოლონიად იქცა.
1979 წლის რეფერენდუმის შედეგად გრენლანდიამ დანიისგან ფართო ავტონომია მოიპოვა. 2009 წლს, მორიგი რეფერენდუმის შემდეგ, კოპენჰაგენმა მიიღო გრენლანდიის თვითმმართველობის კანონი, რითაც კიდევ უფრო გაფართოვდა კუნძულის ავტონომია.
ამ კანონის თანახმად, კუნძულს დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შეუძლია.
Politico-ს ინფორმაციით, ეგედემ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლოა აპრილში, ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მოისურვოს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად მდიდარი რესურსისა, გრენლანდია ყოველწლიურად იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ სუბსიდიებს კოპენჰაგენისგან, დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობით.
22 დეკემბერს, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს „სჯერა, რომ გრენლანდიის მფლობელობა და კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა“, რათა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და თავისუფლება მთელ მსოფლიოში.
ტრამპის სურვილს გამოეხმაურა მუტე ეგედე და განაცხადა, რომ კუნძულის გაყიდვის იდეა განხილვას არ ექვემდებარება.