გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გამოვიდა მოწოდებით, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართონ დამასკოსთან მდებარე სედნაიას ციხის წამებაში მონაწილეთა სათანადოდ დასასჯელად.
ბერბოკი 3 იანვარს სირიაში მოულოდნელი ვიზიტის დროს პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
„ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ქმედებების შედეგად დაღუპულთა სიცოცხლეს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ ჩვენ, ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, შეგვიძლია, დაგეხმაროთ სამართლიანობის აღსრულებაში“, – განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის სახელით მისი ფრანგი კოლეგა ჟან-ნოელ ბარო ახლდა.
სირიის მოხალისეთა ორგანიზაცია „სირიის სამოქალაქო თავდაცვის“ (თეთრი ჩაფხუტები) წარმომადგენლები პოლიტიკოსებს სედნაიას ციხეში პატიმრობის პირობების შესახებ ესაუბრნენ.
გასულ წლებში ევროპა მხარს უჭერდა „თეთრ ჩაფხუტებს“ და გაერო-ს, შესაძლო ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში.
„სწორედ ეს არის ის, რისი გაგრძელებაც გვინდა, ამიტომაც ვართ აქ, მათ შორის იმის გასაგებად, რომ მტკიცებულებების შეგროვების, სამართლიანობისა და ამ საშინელი დანაშაულების საკითხში, ჩვენ სირიაში ხალხის მხარეს ვართ.
თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა საშინელება ხდება ზოგიერთ ადგილას... ხალხმა აქ, სირიის დედაქალაქ დამასკოსთან, ჯოჯოხეთში გაიარა, ისინი ცივილიზებულ სამყაროში წარმოუდგენელი მეთოდებით მოკლეს", - აღნიშნა ბერბოკმა.