შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში დღეს 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგება მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი, მოელიან, რომ რესპუბლიკელთა დღის წესრიგი რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.
მიტჩ მაკკონელი, რომელიც 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკელთა ჯგუფს სენატში, თანამდებობას ტოვებს. სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერად უკვე დასახელებულია სენატორი ჯონ თუნი.
ახალ სენატში რესპუბლიკელებს 100-დან 53 ადგილი აქვთ. კანონმდებლობის უმეტესობის გასატანად სულ მცირე 60 ხმაა საჭირო.
წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს მცირე უმრავლესობა აქვთ 219 მანდატით (დემოკრატებს 215 მანდატი აქვთ) დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად მიჩნეულია სპიკერის არჩევა.
ამჟამინდელი სპიკერის მაიკ ჯონსონის პოზიცია შეირყა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში მიაღწია შეთანხმებას დემოკრატებთან მთავრობის დაფინანსების შესანარჩუნებლად.
ჯონსონის სპიკერად არჩევას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, თუ ორი რესპუბლიკელი კონგრესმენი გადაწყვეტს, რომ მის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დემოკრატები სპიკერობის კანდიდატად უმცირესობის ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს წარადგენენ, მაგრამ სავარაუდოდ მას რამდენიმე ხმა დააკლდება.
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს სოციალურ მედიაში მხარდაჭერა გამოუცხადა ჯონსონს და მას "კარგი, შრომისმოყვარე და რელიგიური ადამიანი" უწოდა.
რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონის კანდიდატურის წინააღმდეგია, თუმცა უცნობია, უშუალოდ კენჭისყრისას რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.