აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა მას ირანის ბირთვულ ობიექტებზე პოტენციური თავდასხმის ვარიანტები წარუდგინა, თუ თეირანი 20 იანვრამდე ბირთვული იარაღის შესაქმნელად ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ Axios სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Axios წყაროების ცნობით, ბაიდენის შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მრჩეველი ჯეიკ სალივანი, დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა.
ბაიდენის ზოგიერთმა მრჩეველმა, მათ შორის თავად სალივანმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ ირანის და მისი მარიონეტების საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო შესაძლებლობების შესუსტება გაზრდის წარმატებული დარტყმის შანსებს და შეამცირებს შურისძიების და რეგიონული ესკალაციის რისკს.
თუმცა, თავად შეხვედრა, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირი განმარტავს, არ იყო გამოწვეული დაზვერვის ახალი მონაცემებით. ის იყო აშშ-ის ქმედებების განხილვის ნაწილი იმ შემთხვევაში, თუ ირანი გადადგამს ნაბიჯებს ბირთვული პროგრამის გასაძლიერებლად ბაიდენის ვადის დასრულებამდე.
Axios-ის კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრ სახლში არ მიმდინარეობს აქტიური დისკუსიები აშშ-ის შესაძლო სამხედრო ქმედებებზე ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ბაიდენი არ დათანხმდა დარტყმების განხორციელებას არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ.
Axios-ი აღნიშნავს, რომ გარდამავალ პერიოდში ირანის ატომურ ობიექტებზე თავდასხმა იქნებოდა "დიდი ავანტურა" პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც, ერთი მხრივ, დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს ირანმა ბირთვული იარაღის შექმნას, მაგრამ, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ კონფლიქტურ სიტუციას ახალ ადმინისტრაციას გადასცემდა.