კენიის სოფელ მუკუკუში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ნაირობის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრში, 30 დეკემბერს ციდან ჩამოვარდა ლითონის რგოლი, რომლის დიამეტრი 2,5 მეტრი იყო და დაახლოებით ნახევარ ტონას იწონიდა. ინფორმაციას კენიის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნილი ფრაგმენტი წარმოადგენს რაკეტა-მატარებლის გამყოფ რგოლს.
”ასეთი ობიექტები, როგორც წესი, დედამიწის ატმოსფეროში შესვლისას უნდა დაიწვას, ან მოხვდეს დაუსახლებელ ტერიტორიებზე, როგორიცაა ოკეანეები”, - აცხადებენ სააგენტოში.
ფრაგმენტის ჩამოვარდნას უწოდეს იზოლირებული ინციდენტი, რომელსაც სააგენტო გამოიძიებს საერთაშორისო კოსმოსური სამართლის შესაბამისად.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის თავის საქონელს მწყემსავდა, როცა ძლიერი ხმაური გაიგონა, შემდეგ კი მან და სოფლის სხვა მცხოვრებლებმა დაინახეს დიდი მრგვალი ობიექტი რომელიც წითლად ანათებდა და დაშვების შემდეგ ნაცრისფერი გახდა.
რგოლის ჩამოვარდნისას ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა. კენიის კოსმოსურმა სააგენტომ დაარწმუნა, რომ ობიექტი საფრთხეს არ წარმოადგენს და გამოძიება ჩატარდება.
როგორც The New York Times აღნიშნავს, 2024 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს შეფასებით, დედამიწის დაბალ ორბიტაზე 14 ათას ტონაზე მეტი მასალაა და აქედან დაახლოებით მესამედი კოსმოსური ნარჩენებია. ყოველწლიურად ახალი გაშვებების გათვალისწინებით, მისი მოცულობა იზრდება, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კოსმოსური ნარჩენების შემცირების ზომები გაშვების ტემპებს ჩმორჩება.