1-ელ იანვარს კიევზე დრონებით რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია უმაღლესი რადას აპარატის კომიტეტები. ამის შესახებ რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი Facebook-ზე წერს.
„აფეთქების ტალღამ დააზიანა მიმდებარე შენობები, მათ შორის უკრაინის პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია უკრაინის უმაღლესი რადას აპარატის კომიტეტები და განყოფილებები.
გუშინ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და სპეცსამსახურები მუშაობდნენ და ბარბაროსული თავდასხმის შედეგები დააფიქსირეს. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დადგენა“, - წერს სტეფანჩუკი.
სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ზიანის მიუხედავად, უმაღლესი რადას შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ თავდასხმის შედეგების დროულად აღმოსაფხვრელად და უმაღლესი რადას და მისი ორგანოების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
1-ელ იანვარს, დილით კიევში, პეჩეროს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მტრის დრონის ნამსხვრევები დაეცა, რამაც ნაწილობრივ დააზიან ორი ზედა სართული და ხანძარი გამოიწვია. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს, დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.
რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის შენობაც.