პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივმა სიმდიდრემ გასულ წელს 10 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მათი საერთო ქონება ჯამში 2024 წელს 1.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.
პირველ ათეულში მილიარდერთა უმეტესობა ტექნოლოგიური გიგანტების მფლობელია. ათეულში სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი მხოლოდ ორია. ბერნარ არნო - მოდის ინდუსტრიის გიგანტის LVMH-ის დამფუძნებელი (მეხუთე ადგილი) და უორენ ბაფეტი - საინვესტიციო გურუ, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი (მეათე ადგილი).
მილიარდერთა სიის სათავეშია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, 432 მილიარდი დოლარით. მისი ქონება წელიწადში 203 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მეორე ადგილს ინაწილებენ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, 239 მილიარდი დოლარით და Meta-ს დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი 207 მილიარდი დოლარით.
ბეზოსი და ზაკერბერგი სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად - ჯენსენ ჰუანგი (Nvidia), სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი (Google), ლარი ელისონი (Oracle) და მაიკლ დელი (Dell) - ლიდერობენ იმ მილიარდერთა სიას, რომელთა ქონებაც ყველაზე მეტად გაიზარდა წლის განმავლობაში. ამ კომპანიებს უკავია მილიარდერების სიმდიდრის მთლიანი ზრდის 43%.