უნგრეთმა დაკარგა ევროკავშირისგან 1.04 მილიარდი ევროს დახმარების მიღების უფლება. იტყობინება სააგენტო AFP ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით.
ამ თანხების მისაღებად უნგრეთს 2024 წლის ბოლომდე სამართლებრივი რეფორმები უნდა გაეტარებინა.
ევროკავშირის სახსრები ბუდაპეშტს გადაეცა სტრუქტურულად სუსტი რეგიონების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მაგრამ 2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უნგრეთი უგულებელყოფდა ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს და ძირითად ღირებულებებს, ის გაიყინა. საუბარია კორუფციის, მექრთამეობისა და ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებზე.
"უნგრეთი უქმნის რეალურ სისტემურ პრობლემას ევროკომისიას, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას", - თქვა ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა კანონის უზენაესობის შესახებ მოხსენების წარდგენისას 2024 წლის ივნისში.
მისი თქმით, ბუდაპეშტს პრაქტიკულად არ მიუღწევია პროგრესი ევროკომისიის წინა წლიურ ანგარიშში გამოვლენილი კანონის უზენაესობის დარღვევის აღმოფხვრაში. მეტიც, მას შემდეგ დარღვევების რაოდენობა რვამდე გაიზარდა
ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმი იძლევა ქვეყნისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადახდების შემცირებას, თუ ის არღვევს გარკვეულ სტანდარტებს.
მთლიანობაში, ევროკომისიამ დაბლოკა უნგრეთისთვის განკუთვნილი დაახლოებით 19 მილიარდი ევრო, მათ შორის დამატებითი სუბსიდიები და დახმარება კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად.
დეკემბრის დასაწყისში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაემუქრა ევროკავშირს, რომ ვეტოს დაადებდა გაერთიანების მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ ბრიუსელი არ გაათავისუფლებდა გაყინულ სახსრებს.