უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად გაანადგურა საჰაერო სამიზნე საზღვაო დრონის გამოყენებით.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის "ჯგუფი 13-ის" მეომრებმა ისტორიაში პირველად დაარტყეს საჰაერო სამიზნეს სარაკეტო იარაღით აღჭურვილი Magura V5 საზღვაო დრონის გამოყენებით.
დროებით ოკუპირებული ყირიმის ტარხანკუტის კონცხის რაიონში ბრძოლის დროს Р-73 SeeDragon რაკეტების გამოყენების შედეგად განადგურდა რუსული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სადაზვერვო სამმართველომ ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პირდაპირი დარტყმის შემდეგ Mi-8 აფეთქდა და მისი ნამსხვრევები ზღვაში ჩავარდა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა წერს, რომ კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი დაზიანდა, თუმცა ბაზაში დაბრუნება შეძლო.
მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.