100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯიმი კარტერი - შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. კარტერი 29 დეკემბერს ჯორჯიის შტატის მშობლიურ ქალაქ პლეინსში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
კარტერი ქვეყნის პრეზიდენტად 1977 წელს აირჩიეს და ამერიკას ერთი ვადით, 1981 წლამდე მართავდა. 2002 წელს კარტერს ნობელის პრემია მიენიჭა იმ საქმისთვის, რაც მან საერთაშორისო კონფლიქტების სამშვიდობო მოგვარების მისიით გასწია, ასევე - დედამიწაზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაწინაურებისთვის.
კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა კემპ დევიდის შეთანხმება, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. კარტერმა ასევე შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები. თუმცა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მისი ეკონომიკური პოლიტიკისა და აშშ-ირანის მძევლების კრიზისის გამო, რის შემდეგაც კარტერი მეორე ვადით აღარ აურჩევიათ.
1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერი რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან დამარცხდა.
საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, კარტერი ჯორჯიის შტატში დაბრუნდა და 1982 წელს ემორის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ამის შემდეგ დააფუძნა კარტერის ცენტრი - არასამთავრობო და არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრით იყო დაკავებული. ცენტრმა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანა საერთაშორისო და ადგილობრივი კრიზისების დაძლევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რეზოლუციებში, ჯანდაცვის, სიღარიბის და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის დაძლევის საკითხებში.