დევნილების გამოსახლება დღეს დილიდან სამი ობიექტიდან მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, გამოსახლება ვაჟა ფშაველას მესამე მიკრორაიონში მდებარე სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან, ყაზბეგის გამზირზე მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდქალაქისა და ყიფშიძის 34-ში მდებარე შენობებიდან მიმდინარეობს.
"ოფიციალური მონაცემებით, სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან 42 ოჯახი, ყაზბეგის გამზირიდან 44 ოჯახი, ხოლო ყიფშიძიდან კი 24 დევნილი გამოასახლეს. ეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციაა, არაოფიციალურად კი დღეს გამოსახლებული დევნილების რიცხვი გაცილებით მეტია. პოლიციას ალყა აქვს შემორტყმული აღნიშნულ კორპუსებზე და არ უშვებენ არავის. გამოსახლების პროცესი ვანდალურად მიმდინარეობს", - განაცხადა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ჩხარტიშვილის ინფორმაციით, სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილებიდან მხოლოდ 2 ოჯახს შესთავაზეს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება, თუმცა ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე.